ინფრასტრუქტურის სამინისტროში საკონკურსო კომისიამ მალთაყვის სანაპირო ზოლის, ამბროლაურის პარკისა და სამი სტადიონის არქიტექტურული კონცეფციები განიხილა
16 ოქტომბერი 2025
ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მინისტრ რევაზ სოხაძის მონაწილეობით, გაიმართა საკონკურსო კომისიის მორიგი სხდომა, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული არქიტექტურული კონკურსების ფარგლებში წარმოდგენილი პროექტები განიხილეს. სხდომის მიზანი იყო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის შემუშავებული კონცეფციების შეფასება.
საკონკურსო წინადადებების შეფასებაში მონაწილეობდნენ სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები, არქიტექტორები, საქართველოსპარლამენტისწევრიგიორგიხახუბია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
კომისიის წევრებმა მალთაყვის სანაპირო ზოლის განვითარების ოთხი კონცეფცია განიხილეს. ეს ტერიტორია ამჟამად აუთვისებელია, თუმცა, პროექტის მიზანია მისი გარდაქმნა სრულფასოვან ტურისტულ და საინვესტიციო სივრცედ. საუბარია არა მხოლოდ სანაპიროს რეაბილიტაციაზე, არამედ მის ისეთ განვითარებაზე, რომელიც კერძო ინვესტიციების მოზიდვასა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა ამბროლაურის პარკის განვითარების ორი არქიტექტურული ხედვა. ორივე წინადადება მიმართულია ქალაქის რეკრეაციული სივრცის მრავალფეროვნებისკენ და მიზნად ისახავს ამბროლაურის ტურისტული მიმზიდველობის ზრდას.
გარდა ამისა, კომისიამ მოისმინა გორის, ბოლნისისა და ტყიბულის საფეხბურთო სტადიონების ესკიზური პროექტების პრეზენტაციები. გორში არსებული სტადიონის ადგილზე დაგეგმილია უეფას მე-4 კატეგორიის სტადიონის მშენებლობა, რომლის კონცეფცია რვა სხვადასხვა არქიტექტურმა ბიურომ წარადგინა. ბოლნისისა და ტყიბულის შემთხვევაში კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სამმა და ექვსმა განმცხადებელმა, რომლებმაც წარმოადგინეს უეფას მე-3 კატეგორიის სტადიონების ესკიზური პროექტები.
წარმოდგენილი წინადადებები შეფასდება არქიტექტურული, ფუნქციური და ქალაქგეგმარებითი შესაბამისობის თვალსაზრისით. კონკურსში გამარჯვებული პროექტების საფუძველზე მომზადდება უკვე დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია.